მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 29.10.20261. მხარეები და პირობების მიღება
ეს პირობები არეგულირებს KeepUp-ის მომსახურების გამოყენებას. მომსახურებას აწვდის შპს „ქიფაფ“ (საიდენტიფიკაციო კოდი 445870736, მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N105, ბინა 60, ბათუმი 6004, საქართველო) - „KeepUp“. კლიენტია ორგანიზაცია, რომელიც KeepUp-თან ხელშეკრულებას აფორმებს - „კლიენტი“.
KeepUp განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის. მისი მომხმარებლები არიან კლიენტის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებიც QR კოდით ტექნიკის პრობლემას აცნობებენ. თუ ხელშეკრულება და ეს პირობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ხელშეკრულებას ენიჭება.
2. მომსახურების აღწერა
- QR სტიკერები ტექნიკაზე და საჯარო გვერდი, სადაც ნებისმიერს შეუძლია პრობლემის შეტყობინება სისტემაში შესვლის გარეშე;
- ტექნიკოსის სამუშაო სივრცე ვებში და მობილურ აპში (აპი ოფლაინაც მუშაობს);
- მენეჯერის პანელი: განაცხადები, აქტივები, გეგმიური მომსახურება, ხარჯები და თვიური ანგარიში;
- შეტყობინებები push-ით და SMS-ით;
- AI რჩევა ტექნიკოსისთვის - არჩევითი, ნაგულისხმევად გამორთულია.
თითოეულ ორგანიზაციას აქვს საკუთარი მისამართი ({slug}.keepup.ge) და მისი მონაცემები სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნულია. მომსახურება ვითარდება; არსებით ცვლილებებს წინასწარ ვაცნობებთ.
3. ანგარიში და წვდომა
- თითოეულ ადამიანს აქვს ერთი ანგარიში საკუთარი ტელეფონის ნომრით; ერთი ანგარიშით შეიძლება რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაობა.
- კლიენტის ადმინი იწვევს თანამშრომლებს, ანიჭებს როლებს (ტექნიკოსი, მენეჯერი, ადმინი, დირექტორი) და აუქმებს წვდომას. სხვის სახელს, ნომერს ან პაროლს ის ვერ შეცვლის.
- კლიენტი პასუხისმგებელია, რომ წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს და შეტანილი მონაცემები კანონიერი იყოს.
- KeepUp-ის მხარდაჭერის წვდომა: დანერგვისას, კლიენტის თანხმობით, ჩვენს თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს ადმინის წვდომა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 90 დღისა). ის ჩანს მომხმარებლების სიაში და კლიენტის ადმინს შეუძლია ნებისმიერ დროს გამორთოს.
4. მისაღები გამოყენება
- არ გამოიყენოთ მომსახურება კანონსაწინააღმდეგო მიზნით;
- არ სცადოთ სხვისი მონაცემების ნახვა ან სისტემის დაცვის გვერდის ავლა;
- არ გადატვირთოთ სისტემა ავტომატური მოთხოვნებით და არ გამოიყენოთ SMS სპამისთვის;
- არ შეიტანოთ პაციენტის ან სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
დარღვევისას შეგვიძლია შევაჩეროთ წვდომა - წინასწარი გაფრთხილებით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.
5. ფასი და გადახდა
ფასი დამოკიდებულია გეგმაზე (Starter, Business, Enterprise) და მითითებულია keepup.ge/pricing გვერდზე ან ინდივიდუალურ შეთავაზებაში. წლიური გადახდისას 12 თვე ღირს 10 თვის ფასი. დანერგვის ღირებულება განისაზღვრება შეთავაზებით.
SMS და push შეტყობინებები შედის გამოწერაში სამართლიანი გამოყენების ფარგლებში: თითოეულ გეგმას აქვს SMS-ის თვიური ლიმიტი; ლიმიტის ამოწურვისას SMS ჩერდება თვის ბოლომდე, push კი გრძელდება. დამატებით თანხას ამის გამო არ ვითხოვთ.
გეგმის ლიმიტები (აქტივები, ფილიალები) სახელშეკრულებოა და აპში არაფერს ბლოკავს; მათი გადაჭარბებისას დაგიკავშირდებით გეგმის შესაცვლელად.
ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება ლარში, ყოველთვიურად და წინასწარ (წლიური გადახდისას - წელიწადში ერთხელ). გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში. გადახდის ვადის გადაცილებისას შეგვიძლია, წინასწარი გაფრთხილებით, დროებით შევაჩეროთ მომსახურება; მონაცემები ამ დროს არ იშლება.
6. ხელმისაწვდომობა და მხარდაჭერა
ვცდილობთ, მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს 24/7. გეგმიურ სამუშაოებს, რომლებიც შეფერხებას იწვევს, წინასწარ ვაცნობებთ და დაბალი დატვირთვის საათებში ვატარებთ. მონაცემების დაშიფრული სარეზერვო ასლი კეთდება ყოველ ღამე, ცალკე ლოკაციაზე, ხოლო აღდგენა მოწმდება ყოველ კვირა.
მხარდაჭერა: ორშ-პარ 10:00-19:00, info@keepup.ge, +995 599 06 60 05.
ხელმისაწვდომობის დონე (SLA), თუ შეთანხმდა, მიეთითება კლიენტთან დადებულ ხელშეკრულებაში.
7. მონაცემები
კლიენტის მიერ შეტანილი მონაცემები ეკუთვნის კლიენტს. KeepUp მათ ამუშავებს მხოლოდ მომსახურების მისაწოდებლად, კლიენტის დავალებით - იხ. მონაცემთა დამუშავების შეთანხმება. კლიენტის მოთხოვნით მონაცემებს გადმოვცემთ Excel/CSV ფაილებად, ფოტოებს კი - ZIP არქივში.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
KeepUp არის ტექნიკის მომსახურების ორგანიზების ინსტრუმენტი. ის არ ცვლის კლიენტის ვალდებულებას, უზრუნველყოს ტექნიკის უსაფრთხოება და მომსახურება კანონისა და მწარმოებლის მოთხოვნების მიხედვით.
AI რჩევა საინფორმაციოა და შეიძლება შეცდომას შეიცავდეს; გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური ტექნიკოსი. ელექტროობასთან, გაზთან, სამედიცინო გაზთან და სამედიცინო მოწყობილობებთან სამუშაოს ასრულებს მხოლოდ კვალიფიციური პერსონალი.
KeepUp-ის მთლიანი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება კლიენტის მიერ წინა 12 თვის განმავლობაში გადახდილი თანხით. არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს არაპირდაპირ ზიანზე (მაგ. მიუღებელ შემოსავალზე), გარდა განზრახვის, უხეში გაუფრთხილებლობისა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. შეწყვეტა
ყოველთვიური გეგმის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს; გაუქმება ძალაში შედის მიმდინარე საანგარიშო თვის ბოლოს. წლიური გადახდისას ვადა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში, მოთხოვნისამებრ, გადმოგცემთ მონაცემებს (Excel/CSV, ფოტოები - ZIP არქივში); 90 დღის შემდეგ ორგანიზაციის მონაცემები სრულად იშლება სისტემიდან, სარეზერვო ასლებიდან კი - არაუგვიანეს 6 თვეში. ამის შემდეგ დაბეჭდილი QR სტიკერები აღარ იმუშავებს.
10. სამართალი, დავები და ცვლილებები
ამ პირობებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. დავებს მხარეები ჯერ მოლაპარაკებით წყვეტენ, შემდეგ - თბილისის საერთო სასამართლოში.
პირობების შეცვლისას განვაახლებთ თარიღს გვერდის თავში; არსებით ცვლილებებს კლიენტებს ვაცნობებთ 30 დღით ადრე.